ნახატის წაკითხვა-ანალიზი
ნახატის წაკითხვა-ანალიზი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებისათვის, მეტად მნიშვნელოვანია, მოსწავლეს მიაწოდიოს: ხელოვნების ნიმუშის წასაკითხად საჭირო ცოდნა,ამისათვის გთავაზობთ დამხმარე რესურსს:
“ნახატის კითხვა”
საფეხური 1.
მონაცემები:
ხელოვანის ვინაობა (სახელი, გვარი)
დრო (ეპოქა)
დარგი (ფერწერა, გრაფიკა...)
ჟანრი (პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი, ყოფითი ჟანრი, უსაგნო)
ნაწარმოების სათაური
მასალა (ზეთი, აკრილი, აკვარელი, ფანქარი, სანგინი, ნახშირი, პასტელი...)
მდებარეობა (მუზეუმი/გალერეა/კერძო კოლექცია, ქალაქი, ქვეყანა)
ჩამოთვალეთ ნაწარმოების შექმნის პერიოდში მომხდარი რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა.
_________________________________________________
საფეხური 2.
აღწერა
ჩამოთვალეთ, რას ხედავთ სურათზე. აღწერეთ გარემო. დაიწყეთ იმით, რაც მთავარია და დაასრულეთ მეორეხარისხოვანი, დამხმარე დეტალებით.
საფეხური 3.
სახვითი ხელოვნების ელემენტები
დააკვირდით ელემენტებს, რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების თავისებურებას:
ხაზი – აღწერეთ, როგორი ხაზები გამოიყენა (თუ გამოიყენა) შემოქმედმა (სწორი, კლაკნილი, ტალღოვანი, ზიგზაგისებური, წყვეტილი, ზამბარისებური, ირიბი/დიაგონალური, ჰორიზონტალური, ვერტიკალური, სქელი, წვრილი, და სხვ.).
ფერი – აღწერეთ, როგორი ფერები გამოიყენა მხატვარმა (ძირითადი, შედგენილი, ნეიტრალური, თბილი, ცივი, კონტრასტული, კაშკაშა, ინტენსიური, მყვირალა, გაჯერებული, ხასხასა, მჭახე, ჩამქრალი, მკრთალი, ღია/ბაცი, მუქი, სუფთა, ჭუჭყიანი) და რომელი ფერი გამოიყენა უფრო მეტად?
ფორმა – როგორი ფორმებია წამყვანი ნაწარმოებში (გეომეტრიული, მრგვალი, მართკუთხა, ოთხკუთხა, სამკუთხა, მრავალკუთხა, წვეტიანი, ბლაგვი, უსწორმასწორო, მცენარეული, მსხვილი, მცირე, წვრილი და სხვ.)?
ფაქტურა – როგორია სქელი ან თხელი მონასმებით განპირობებული, თავად ნახატის ფაქტურა (უხეში, ხაოიანი, გლუვი, ხავერდოვანი)?
ფაქტურა (ნამუშევრის ზედაპირის) – როგორია ნახატის ფაქტურა (უხეში, ხაოიანი, გლუვი, ხავერდოვანი), რომელიც მონასმებით (სქელი, თხელი...) არის განპირობებული?
ფაქტურა (გამოსახული ობიექტების) – არის თუ არა ასახული და თუ არის, როგორ, საგნის ზედაპირის სახე (კანის, თმის, თიხის, ლითონის, ხის, ხავერდის, აბრეშუმის, მაქმანის, ბეწვეულის, პრიალა, უხეში, ხაოიანი და სხვ.)?
სივრცე – როგორაა ათვისებული სასურათე არე? გადატვირთულია, ცარიელი თუ ზომიერად ათვისებული?
თარგი/კლიშე/ტრაფარეტი – არის თუ არა სურათზე განმეორებადი ფორმები? რამდენად მნიშვნელოვანია ისინი და განაპირობებს თუ არა სურათის დეკორატიულობას?
_________________________________________________
საფეხური 4.
სახვითი ხელოვნების პრინციპები
ამ საფეხურზე გაითვალისწინეთ ნაწარმოების თავისებურების განმსაზღვრელი პრინციპები. აღწერეთ, როგორ გამოიყენა მხატვარმა ეს პრინციპები ელემენტების მოსაწესრიგებლად.
კონტრასტი – რისი კონტრასტია გამოყენებული სურათზე (ფერის, ფორმის, ხაზების, შინაარსობრივი თუ სხვ.)?
აქცენტი – როცა ნაწარმოებს უყურებ, პირველად რა გხვდება თვალში? როგორ მოახერხა მხატვარმა ჩვენი ყურადღების გამახვილება მთავარზე? რით განსხვავდება ეს ნაწილი სხვა დანარჩენისგან (წინა ხედზეა, ყველაზე მსხვილი და დიდია, ფერით გამოირჩევა თუ რაიმე სხვა ხერხით)? რა არის სურათის შემდგომი მნიშვნელოვანი ელემენტი?
ჰარმონია – როგორ ეხამება ერთმანეთს სურათის ცალკეული ელემენტები? “შეხმატკბილებულია” თუ პირიქით, დაპირისპირებული/კონფლიქტური?
მრავალფეროვნება – რა “აცოცხლებს” სურათს? რას შეაქვს მასში მრავალფეროვნება, რომ მოსაწყენი არ გახდეს?
კოლორიტი – როგორია სურათის საერთო ფერადოვნება (თბილი, ცივი, რბილი, ინტენსიური)?
გრადაცია – იყენებს თუ არა მხატვარი ნახევარტონებს/ფერების გრადაციას ღიიდან მუქამდე ფორმის მოცულობის საჩვენებლად?
მოცულობა/სიბრტყობრიობა – საგნები სურათზე მოცულობითია თუ ბრტყელი? რა ხერხით აღწევს მხატვარი სამგანზომილებიანი საგნის ილუზიის შექმნას (შუქ-ჩრდილით, შტრიხებით, ფერადოვანი მონასმებით, ნახევარტონებით)? თუ არ იყენებს ამ ხერხს, განგებ ხომ არ აკეთებს ამას? რა ეფექტის მიღწევა სურს?
კომპოზიცია – როგორაა აგებული სურათი? რა განსაზღვრავს მის სტრუქტურას, ჩონჩხს? კომპოზიცია მყარია თუ არამდგრადი? განგებ ხომ არ აკეთებს ამას? რა ეფექტის მიღწევა სურს?
მთლიანობა – რომელი სახვითი ელემენტია სურათის გამაერთიანებელი? რა კრავს მათ, რომ ცალკეული ელემენტები არ დაიშალოს/დაიფანტოს?
წონასწორობა – გამოსახულებები, ხაზები, ფორმები, ფერადოვანი ლაქები სიმეტრიულადაა განლაგებული თუ ასიმეტრიულად?
სტატიკა/დინამიკა – რა განსაზღვრავს კომპოზიციაში დინამიკას/სტატიკას?
რიტმი – არის სურათში რაიმე განმეორებადი, რაც ქმნის რიტმს?
პროპორცია – როგორია გამოსახულების ცალკეული ნაწილების ზომათა თანაფარდობა? განგებ ხომ არ არღვევს მხატვარი საგნის/საგანთა პროპორციებს ან ფორმებს და რისი მიღწევა სურს ამ ხერხით?
რაკურსი – სად არის ხედვის წერტილი? საიდან ვხედავთ გამოსახულებას? ახლოსაა საგნები თუ შორს? ქვემოდან ვხედავთ მათ თუ ზემოდან? ხომ არ არის არეული ხედვის წერტილები? თუ არეულია, რატომ – წარმოდგენილ ეპოქაში არასაკმარისი ცოდნის გამო, ეს უბრალოდ არ არის მხატვრისთვის მნიშვნელოვანი, ექსპერიმენტია თუ ნაივური იერის მისანიჭებლად ხდება?
სივრცითი პერსპექტივა – არის თუ არა დაცული სივრცითი პერსპექტივის წესები (ახლოს მდებარე საგნები მკვეთრია, მკაფიო და დეტალიზებული, ხოლო შორეული – მკრთალი, ბუნდოვანი და განზოგადებული)?
ხაზობრივი პერსპექტივა – არის თუ არა დაცული ხაზობრივი პერსპექტივის წესები 1 ან 2 თავშეყრის წერტილით? თუ არ არის დაცული, განგებ ხომ არ არღვევს მათ მხატვარი? რა ეფექტის მიღწევა სურს?
_________________________________________________
საფეხური 5.
ინტერპრეტაცია და ანალიზი
გამოიყენე შენი დაკვირვებები და უპასუხე კითხვებს: რას ფიქრობ ამ ნაწარმოებზე, რისი თქმა სურდა მხატვარს? რა ეფექტს მიაღწია სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ამგვარად გამოყენებით? რა სურდა მხატვარს – ისტორიული ფაქტის გადმოცემა, იდეის, საკუთარი შთაბეჭდილების თუ განწყობისა და ემოციის გამოხატვა? დააკონკრეტე, რაში მდგომარეობს იდეა ან როგორია მხატვრის შთაბეჭდილება თუ ემოცია? რა ხასიათისაა სურათი [რეალისტური, განზოგადებული, აბსტრაქტული, სიმბოლისტური, მორალისტური, თხრობითი, ექსპრესიული, პომპეზური, საზეიმო, მაჟორული, მინორული, მელანქოლიური, მშვიდი, მყუდრო, ხალისიანი, სევდიანი, ტრაგიკული, დრამატული, დაძაბული, სარკასტული, ირონიული, ისტორიულ-დოკუმენტური, პასტორალური (სოფლის იდილიის ამსახველი), დეკორატიული...]? რა ქმნის ასეთ შთაბეჭდილებას? ფიქრობ, რომ ეს ნაწარმოები მნიშვნელოვანი იყო თავისი დროისთვის? რა არის მასში ორიგინალური? რა არის სიახლე? წინა ან თანადროული ეპოქის რა ნიშნებს ატარებს ის? მოახდინა თუ არა ამ ნაწარმოებმა გავლენა თანადროული ან მომდევნო პერიოდის მხატვრობაზე? არის ეს ამ მხატვრის ტიპური ან ერთ-ერთი საუკეთესო ან, უბრალოდ, რაიმე ნიშნით გამორჩეული ნამუშევარი? მხატვრის რომელ სხვა ნამუშევრებს იცნობ? მათგან რომელი მოგწონს ყველაზე მეტად? დაასაბუთე შენი აზრი.
Комментарии
Отправить комментарий