ფრანც ჰალსი
ფრანს ჰალსი
ფრანს ჰალსი - Prans Halsi
ფრანს ჰალსი (დ. 1581 და 1585 შორის, ანტვერპენი — გ. 26 აგვისტო, 1666, ჰარლემი), ჰოლანდიელი ფერმწერი. ფლამანდიელი ფეიქრის შვილი. ცხოვრობდა ჰარლემში. 1616 მოინახულა ანტვერპენი. სწავლობდა კ. ვან მანდერთან (1600-1603), 1610-იდან ოსტატი.
ჰალსის ხელოვნებისათვის დამახასიათებელია დემოკრატიზმი, ხალხური ტიპებისადმი ცხოველი ინტერესი, ასახა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ჰოლანდიელი ხალხის სულიერი სიმტკიცე; ჰოლანდიური ხელოვნება გაამდიდრა ადამიანთა გრძნობების გამოსახვისა და მოდელის შინაგანი სამყაროს ჩვენების საშუალებებით; იყენებდა თავისუფალ, ტემპერამენტულ მონასმებს. ადრინდელი პერიოდის ნამუშევრებში („წმინდა გიორგის მსროლელთა ასეულის ოფიცერთა ბანკეტი“, 1616, ფ. ჰალსის მუზეუმი, ჰარლემი) ნიშანდობლივია თბილი ტონებისაკენ სწრაფვა, მძიმე, მსუყე მონასმების საშუალებით ფორმათა გულდასმითი მოდელირება. 1620-იან წლებში პორტრეტებთან ერთად ხატავდა ჟანრულ სცენებსა და ცალკეულ რელიგიურ კომპოზიციებს („ლუკა მახარებელი“, „მათე მახარებელი“, დაახლოებით 1623-1625, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთის ხელოვნებუს მუზეუმი, ოდესა). 1620-1630-იანი წლებში პორტრეტებში ჰალსმა შექმნა ჰოლანდიური ტიპების საინტერესო გალერეა, გააფართოვა მოდელების სოციალური წრე.
ბურჟუაზიის წარმომადგენლებიდან („ვ. ვან ჰეიტჰეიზენი“, დაახლოებით 1625-1636, სახელმწიფო მუზეუმი, ვადუცი) დეკლასირებულ ელემენტებამდე, რომლებიც წარმოსახა როგორც ხალხის ენერგიის ნამდვილი მატარებელნი („ბოშა ქალი“, ლუვრი, პარიზი; „მულატი“, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ლაიფციგი, - ორივე - დაახლოებით 1630). ამავე პერიოდში მხატვარმა ჯგუფური პორტრეტის რადიკალური რეფორმა მოახდინა, უარყო კომპოზიციათა პირობითობა და ნაწარმოებებში შეიტანა ცხოვრებისეული სიტუაციები ("წმინდა ადრიანის მსროლელთა ასეულის ოფიცერთა ბანკეტი", დაახლოებით 1623-1627, ფ. ჰალსის მუზეუმი, ჰარლემი და სხვ.). 1640-იანი წლები პორტრეტებში ღრმავდება ფსიქოლოგიური დახასიათება ("წმინდა ელისაბედის ჰოსპიტლის რეგენტები", 1641, იქვე; ახალგაზრდა კაცის პორტრეტი, დაახლოებით 1642-1650, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი დ სხვ.). ამ ნამუშევრების კოლორიტი უკვე მოვერცხლისფრო-რუხი ტონალობისაა. ჰალსის გვიანდელი ნამუშევრები შესრულებულია ძალზე თავისუფალი მანერით და გადაწყვეტილია ძუნწი ფერადოვანი გამით, აგებულია შავ-თეთრი ფერების კონტრასტებზე ("შავტანსაცმლიანი კაცი", დაახლოებით 1650-1652, ერმიტაჟი, პეტერბურგი და სხვ.); ზოგიერთ მათგანში იგრძნობა ღრმა პესიმიზმი ("მოხუცებულთა თავშესაფრის რეგენტები", 1664, ფ. ჰალსის მუზეუმი, ჰარლემი).
ჰალსი გარდაიცვალა სიღარიბეში, დავრდომილთა სახლში. იგი ევროპული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია; მის შემოქმედებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჰოლანდიური ფერწერის შემდგომი განვითარებისათვის. მისი გავლენა განიცადეს ა. ბრაუერმა, ძმებმა ა. და ი. ოსტადეებმა, ი. სტენმა და სხვებმა.
ფრანს ჰალსის “მალე ბაბე”
ფრანს ჰალსმა ნამუშევარი “მალე ბაბე” დაახლოებით 1633-1635 წ.წ. დახატა. ამ სახელის გარდა სურათს მოიხსენიებენ როგორც “ჰილე ბობე” ან “ჰარლემის ჯადოქარი”. მე-17 საუკუნეში ჰოლანდიელ მხატვრებში პოპულარული თემები იყო მშვიდი ცხოვრების, დიდებული ოჯახების, არისტოკრატებისა თუ მეფეების გამოსახულებები. თუმცა, იყვნენ მხატვრები, რომელთა შემოქმედებაში ადგილი ეთმობოდათ გლახაკებსაც, უსახლკაროებსა თუ მათხოვრებს. ცხოვრების მხოლოდ ნათელ ფერებში წარმოსახვას ერიდებოდა ფრანს ჰალსიც, მან მოიკრიბა გამბედაობა და გვიამბო მეორე, ბნელი მხარის შესახებაც. ჰალსის “მალე ბაბე” ითვლება მის შემოქმედებაში ყველაზე ჩამოყალიბებულ და სრულ სახასიათო პერსონაჟად.
მალე ბაბე რეალური პიროვნება იყო, რომელიც დოკუმენტურადაც დასტურდება. ხშირად მას ჰარლემის ჯადოქრადაც მოიხსენიებდნენ, თავისი დემონური სიცილის გამო და ასევე იმ ბუს გამო, რომელიც მუდამ ესვა მხარზე.
ტილოს დახატვის სტილი უჩვეულოა ამ პერიოდისთვის და ის უახლოვდება მე-19 საუკუნის იმპრესიონიზმს. მთლიანი კომპოზიცია აგებულია თავისუფალი მონასმებით, რომლებსაც მსუყედ ამჩნევია საღებავი. უძლიერესი მხატვრული ტექნიკითაა გამოსახული ბაბეს სახე, ისეა დახატული პირის მიდამო, რომ მაყურებელი წარმოუდგენელია არ გრძნობდეს მის დემონურ სიცილს. ავტორი სწრაფი და ფრთხილი მონასმით აკეთებს ტუჩის ზედა ჩრდილს, ამავე პრინციპით განათებას ლოყასა და შუბლზე. კათხაზე დადებული შუქიც ამას მოწმობს. ფუნჯის ასეთი მოძრაობა ამძაფრებს რეალობის განცდას და ქალის ემოციური მდგომარეობა უფრო მეტად გასაგები ხდება.
ბაბეს მზერა მიპყრობილია პიროვნებისადმი, რომელიც სურათზე არ ჩანს, და რომელიც თითქოს დისკომფორტს განიცდის მის გვერდით ჯდომისას. ბაბეც გრძნობს ამ არასასიამოვნო სიტუაციას და მისი დამცინავი სახეც ამას გამოხატავს.
სურათში ჭარბობს ყავისფერი და შავი, რომლებსაც მკვეთრად ატყვიათ თეთრი საღებავით წარმოქმნილი გრადაციები.
მხარზე ჩამომჯდარი ბუ, ბაბეს პერსონის ხაზგასასმელადაა, რომელიც დახატულია ბუნდოვნად, ტილოს ფონთან შერწყმულად, თუმცა ადვილად აღიქმება და მისი მარცხნივ მიპყრობილი მზერა, ბაბეს მარჯვნივ მიმართულ მზერასთან ერთად კომპოზიციურად ავსებს და მეტ დინამიურობას სძენს სურათს. ბუ ძველ ფოლკლორში ასოცირდებოდა ჯადოქრობასა და ლოთობასთან, რომელიც მხოლოდ სიბნელეში იწყებდა აქტიურ ცხოვრებას, ისევე როგორ მოხუცი ბაბე.
ბუ ასევე სიმბოლოა ეროტიულობის, ის წყვდიადსა და სიბნელეში ნადირობს, და თითქოს მხატვარს სურს მიანიშნოს ავხორცი ბაბეს განზრახვაზე: მიიტყუოს პაბში დასასვენებლად შესული მამაკაცები.
საყელოს ფაქტურას მხატვარი ვერტიკალური და დიაგონალური ძუნწი მონასმებით ხატავს, ისევე როგორც ქუდს.
ყველა ეს დეტალი, მონასმებიდან დაწყებული ფერთა მწირი გამით დამთავრებული, ამძაფრებს ბაბეს პერსონაჟის ხასიათსა და გამომხატველობას. მნახველი გრძნობს ბაბეს სულიერ სამყაროს, მის მიზნებსა თუ ზრახვებს, რასაც რეალურ ცხოვრებაში ადვილად დაფარავდა იგი, თუმცა მხტვარმა ცხადი გახადა ისინი.
ფრანს ჰალსს სურდა გადმოეცა ჰარლემის ღამის რეალური ცხოვრება, ბოშების, ალკოჰოლიკებისა თუ მეძავების. ჰალსის ეს ნამუშევარი მისმა თანამედროვეებმა უარყოფითად მიიღეს, სწორედ იმ “ზედმეტი” თავისუფალი მონასმების გამო. თუმცა მხატვრისთვის მნიშვნელოვანი იყო სწორედ ეს თავისუფალი ექსპრესიულობა, რასაც შემდეგ იმპრესიონისტები დაუფასებენ და მათ წინამორბედად აღიარებენ.
"წმინდა გიორგის მსროლელთა ასეულის ოფიცერთა ბანკეტი"
„ვ. ვან ჰეიტჰეიზენის“ პორტრეტი
Комментарии
Отправить комментарий